ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდის დროს დააყენა „აფხაზური პასპორტების" აღიარების საკითხი

4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გაიმართა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შეხვედრაზე "აფხაზური პასპორტებით" გადაადგილების შესაძლებლობა დააყენეს.

ე.წ. აფხაზეთის დელეგაციას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა.

„აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი აფხაზეთის ეროვნული პასპორტების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დოკუმენტებად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები",- წერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინსიტრო.

საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

ჟენევის დისკუსიებს საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა. შეხვედრები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 2022 წლის 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ.

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული უცხოური პასპორტებით ევროკავშირში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა.